საჯაროდ აქტიური ქალების ცხოვრებაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად იქცა გენდერული დეზინფორმაცია.
ბოლო წლების განმავლობაში არაერთი ქალი აქტივისტი, ჟურნალისტი და პოლიტიკოსი გახდა ონლაინ შევიწროებისა და დეზინფორმაციული კამპანიების მსხვერპლი.
ქალები, რომლებიც ბედავენ ხმამაღლა გამოთქვან საწინააღმდეგო მოსაზრებები რეჟიმისადმი, კულტურული ნორმებისადმი თუ სხვადასხვა სოციალური პრობლემისადმი ან ჩაერთონ საჯარო დისკურსში, ხშირად აწყდებიან ონლაინ შევიწროებისა და დეზინფორმაციის შემთხვევებს.
ეს თავდასხმები არამხოლოდ საქმიანობის დისკრედიტაციას, არამედ მათი ხმის ჩახშობას ისახავს მიზნად. გენდერული დეზინფორმაციის სხვადასხვა ხერხით ხდება ფაქტების დამახინჯება და საზოგადოებაში არასწორი განწყობების შექმნა ქალების მიმართ.
ესენია:
- სექსუალიზაცია – რაც პირდაპირ მიმართულია ქალის ხასიათზე, გარეგნობაზე ან პირად ცხოვრებაზე და არა მის პროფესიულ მიღწევებზე. ასეთი თავდასხმის მთავარი მიზანი არის ქალი ლიდერების საქმიანობისა და კვალიფიკაციის გაუფასურება.
- საჯარო ინფორმაციის გამჟღავნება – როგორიცაა მისამართები ან ტელეფონის ნომრები, დაშინების ან შევიწროების მიზნით.
- ქალი ლიდერების განცხადებების კონტექსტის მიღმა ციტირება – რათა ისინი გამოჩნდნენ არაკომპეტენტურად ან არასანდოდ.
- გენდერული სტერეოტიპების განმტკიცება – სხვადასხვა საშუალებებით (ტექსტები, გამოსახულებები) ქალების ისე წარმოჩენა, რომ თითქოს ისინი არიან ემოციურები, ირაციონალურები ან ნაკლებად ქმედუნარიანები, ვიდრე მამაკაცები.
საჯარო სივრცეში აქტიური ქალების წინააღმდეგ დეზინფორმაციის კოორდინირებული კამპანიები უკვე ბევრ ქვეყანაში დაფიქსირდა. მთელ მსოფლიოში, ავტოკრატები და მათი მოკავშირეები სულ უფრო ხშირად ავრცელებენ გენდერულ დეზინფორმაციას კრიტიკული განწყობების აღმოსაფხვრელად და ძალაუფლების გასამყარებლად.
სახელმწიფო ინსტიტუტები, რადიკალური ჯგუფები და ინდივიდები მიზანმიმართული თავდასხმებით ცდილობენ შეარყიონ საჯაროდ აქტიური ქალების სანდოობა და გავლენა. მათი მიზანი ძირითადად არის, ოპოზიციის გაჩუმება, დემოკრატიული პროცესის შესუსტება და პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მცდელობა.
უნდა აღინიშნოს, რომ დეზინფორმაციის კამპანიები ხშირად ბუნებრივ, არაკოორდინირებულ კამპანიებს ჩამოჰგავს, რაც სახელმწიფოებს შესაძლებლობას აძლევს, პროცესში თავიანთი მონაწილეობა უარჰყონ.
კამალა ჰარისი
რამდენიმე დღის წინ ინტერნეტში, სხვადასხვა ექაუნთებით გავრცელდა ყალბი ფოტო, სადაცკამალაჰარისი თითქოს პოზირებს შონ კომბსის გვერდით. ფოტოს თან ერთვოდა შეურაცხმყოფელი შეფასებები კამალა ჰარისის მიმართ.
Reuters Fact Chek -ის ინფორმაციით, თავდაპირველი სურათი გადაღებულია2001 წლის 18 მაისს, ტელეწამყვან მონტელ უილიამსთან და მის ქალიშვილ ეშლი უილიამსთან ერთად, სადაც ისინი იმყოფებიან გაფანტული სკლეროზის აღმოსაფხვრელად მიძღვნილ ყოველწლიურ ღონისძიებაზე კალიფორნიაში.
ჰოლივუდში მომხდარ სკანდალურ ამბავს გამოხმაურება საქართველოშიც მოჰყვა. სხვადასხვა ყალბი გვერდები თუ საინფორმაციო სააგენტოები ვირუსულად ავრცელებენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რეკეტსა და ტრეფიკინგში ბრალდებულ რეპერ შონ კომბსს (Puff Diddy) წლების განმავლობაში ახლო ურთიერთობა ჰქონდა აშშ-ის „დემოკრატიული“ პარტიის წარმომადგენელთან, კამალა ჰარისთან.
ამ გზით ცდილობენ საზოგადოებაში დაამკვიდრონ აზრი, რომ აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტობის კანდიდატი საფთხეს უქმნის ადამიანის უფლებებს, ახალისებს პროსტიტუციას და არღვევს სამართლიანობის პრინციპებს.
უფრო ადრე, 2024 წლის 23 ივლისს ფეისბუქ-ანგარიშმა ,,ნინო ნინო” ამერიკის ვიცე-პრეზიდენტისა და პრეზიდენტობის კანდიდატის კამალა ჰარისის შესახებ დაწერა, რომ ის წარსულში ელიტებს სექსუალურ მომსახურებას უწევდა.
პოსტს რამდენიმე ფოტო და ვიდეო აქვს თანდართული. ფოტოზე ასახულია ორი ქალი, მათგან ერთზე, რომელსაც ხვეული თმა აქვს და შავი კაბა აცვია, მინიშნებაა, რომ კამალა ჰარისია.
ერთ-ერთ ვიდეოზე ჰარისი და ტელეწამყვანი მონტელ უილიამსია ნაჩვენები. მეორე ვიდეო კი ჰარისის სიტყვით გამოსვლას ასახავს, სადაც ის გაუგებრად საუბრობს.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოზე ორი სექს მუშაკია აღბეჭდილი, ერთ-ერთზე, რომელსაც ხვეული თმა აქვს და შავი კაბა აცვია, ამტკიცებენ, რომ კამალა ჰარისია. აღნიშნული ფოტო თანდართული მტკიცებით თავდაპირველად 8 ივლისს, პლატფორმა Rumbel-ზე მეთ უოლესმა გაავრცელა.
ფაქტების გადამოწმების პორტალის Logically Facts-ის ინფორმაციით ფოტო გადაიღო ქუჩის ფოტოგრაფმა, მეთ ვებერმა, ნიუ-იორკში 1989 წელს და მისი სახელწოდებაა ,,იყიდება”.
Logically Facts აღნიშნავს, რომ ამ პერიოდში კამალა ჰარისი სან-ფრანცისკოში სწავლობდა, ამიტომ წარმოუდგენელია, სხვა შტატში სექსმუშაკობითაც ყოფილიყო დაკავებული.
მათ ასევე აღნიშნეს, რომ ჰარისს 80-იანი წლების ბოლოს ფოტოზე ნაჩვენებისგან განსხვავებული თმის ვარცხნილობა ჰქონდა.
„მითების დეტექტორის“ ინფორმაციით, ანგარიში ,,ნინო ნინო” თავდაპირველად dato.okribelashvili.77-ის სახელითაა დარეგისტრირებული. მას წარსულშიც არაერთხელ გაუვრცელებია ვიზუალური მანიპულაცია.
სვეტლანა ტიხანოვსკაია
გენდერთან დაკავშირებული დეზინფორმაციული კამპანიის სამიზნე გახდა ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი სვეტლანა ტიხანოვსკაიაც, 2024 წლის 23 სექტემბერს ფეისბუკის რუსულენოვანმა და ქართულენოვანმა ანგარიშებმა ბელარუს ოპოზიციონერ ლიდერს – სვეტლანა ტიხანოვსკაიას მიმსგავსებული, ნახევრადშიშველიახალგაზრდა ქალის ფოტო გაავრცელეს. ანგარიშები ამტკიცებენ, რომ ამ ფოტოთი ტიხანოვსკაია ახალგაზრდა ამომრჩევლის მოზიდვას ცდილობს.
სინამდვილეში ფოტოზე გამოსახული ქალი პორნო მოდელია, რომელიც სოციალურ ქსელებში stasiia levina – ს სახელით არის რეგისტირებული.
ახალგაზრდა მოდელის X -ის ანგარიშზე მისი სხვა სოციალური ქსელის ანგარიშებიც არის მითითებული, მათ შორის პორნო საიტის, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ის პორნო მოდელია.
თინა ბოკუჩავა
2024 წლის 12 ივნისს ფეისბუქ-ანგარიშმა, რომელსაც მითითებული აქვს, რომ მუშაობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, გამოაქვეყნა ფოტო, თითქოს “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა საცვლებშია გამოსახული.
გავრცელებული ფოტო პროგრამულადაა დამუშავებული და ძიების პროცესში დადგინდა, რომ იდენტური ფოტო უკვე ორი წელია ინტერნეტში ვრცელდება და ის არ ეკუთვნის თინა ბოკუჩავას.
ფოტოს გამავრცელებელი 12 სხვადასხვა ჯგუფში აზიარებს დამუშავებულ მასალას, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ფოტო ბოკუჩავას დისკრედიტაციისთვის შეიქმნა.
შედეგები:
გენდერული დეზინფორმაცია ხელს უწყობს სტიგმის ჩამოყალიბება/გამყარებას, დისკრიმინაციას და საზოგადოების წევრებში დაბნეულობის გაღვივებას.
ამ ტოქსიკური გარემოს გავლენა ქალებზე შეიძლება იყოს სავალალო. ისინი ხედავენ, რომ ძლიერი და წარმატებული ქალებიც კი არ არიან დაცულები სახელმწიფო ინსტიტუტების მხრიდან.
დაუცველობის განცდა მათ ხელს შეუშლის, მონაწილეობა მიიღონ საჯარო დისკურსში, რის გამოც შემცირდება საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის წვლილი.
გამოსავალი:
გენდერულ დეზინფორმაციასთან ბრძოლა მოითხოვს სტრატეგიულ რეაგირებას:
- მედიაწიგნიერების ხელშეწყობას,
- ქალებს შორის სოლიდარობის ჩამოყალიბებას, რათა უზრუნველყოფილი იყოს ემოციური და პროფესიული მხარდაჭერა,
- უფრო ძლიერი საკანონმდებლო ჩარჩოს ადვოკატირებას ონლაინ შევიწროებისა და დეზინფორმაციის მოსაგვარებლად.
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს თანახმად, ქალთა უფლებების ეროზია „არის ლაკმუსის ტესტი მთელი საზოგადოების ადამიანის უფლებათა სტანდარტებისთვის“ ჩვენ მხოლოდ ერთად დგომით და ერთმანეთის მხარდაჭერით შევძლებთ უფრო სამართლიანი სივრცის შექმნას ქალებისთვის, როგორც ციფრულ, ისე ფიზიკურ სივრცეში.
გამოყენებული წყაროები:
- მედიის განვითარების ფონდი – https://www.mdfgeorgia.ge/geo/view-library/237
- მითების დეტექტორი – https://mythdetector.ge/ka/kamala-harisis-shesakheb/
- The Foreign Policy Council – https://foreignpolicycouncilcom.wordpress.com/
- Reuters – https://www.reuters.com/fact-check/image-kamala-harris-sean-diddy-combs-was-digitally-altered-2024-09-26/
ბლოგი მომზადებულია ქალთა ფონდი „სოხუმის“ კამპანიის ფარგლებში „მიიღე სიმართლე, უარყავი გენდერული დეზინფორმაცია”